დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა მიმართულებებით - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან.
2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება.
სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება - სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა - კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.
მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, - ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.
ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.
განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა - კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით - წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ - ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.