დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მიკერძოებულად წარმოჩენას.
ის, რომ დაინტერესებული მხარეები შეეცდებოდნენ პროცესის დაზიანებას, გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ანალოგიური ვითარება იქმნება ყველა არჩევნების წინ და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ჯერ კიდევ არჩევამდე ხდებიან სტიგმატიზაციის მსხვერპლნი.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს. ამიტომ ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი. ასევე მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი.
თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტერესების დამცველი. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეული საარჩევნო მოხელისგან მოითხოვს პროფესიონალიზმისა და ეთიკის იმ მაღალი სტანდარტების დაცვას, რომელიც გაწერილია ცოტა ხნის წინ მიღებულ დოკუმენტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ამ პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.
ახლა კი გაგაცნობთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2- 5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. სულ შემოვიდა 24 425 განაცხადი, საიდანაც 9111საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 314 კი კომისიის წევრობის კონკურსში.
აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.
სხვა სიახლეები
რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში - პრემიერ-მინისტრის განცხადება
09.06.2026.11:34
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია.
„რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის როსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.
სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა.
2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი. მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა ისევ და ისევ იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა.
ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა. ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.
ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს. შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა.
კიდევ ერთი გარემოება, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია.
მისი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი, სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთე სახლში მიაქვთ. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო, მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე ფაქტო, ხოლო შემდეგ - დე იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა, ვერცერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თან სდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას.
ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.
არანაკლებ მძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზიც სწორედ ამას უკავშირდება - მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა - დემოკრატია და არჩევნების უფლება.
დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს. ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას, ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ადამიანზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი სახელმძღვანელო პ/რინციპია და საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში, არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი“, - განაცხადა პრემიერმა.