დღეს თუ ქვეყანაში რამე კრიზისია ეს არის ოპოზიციაში - ზურაბ აბაშიძე
„საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითომდა კრიზისზე სხვა არაფერია, თუ არა პარალელური რეალობის შექმნის მცდელობა რადიკალური ოპოზიციისგან. დღეს თუ ქვეყანაში რამე კრიზისია ეს არის ოპოზიციაში“- განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში წარადგინა. ზურაბ აბაშიძის თქმით, დედაქალაქის მერმა ქალაქში განხორციელებულ უამრავ პროექტზე, მათ შორის, მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქის მერის მოხსენება იყო ძალიან შთამბეჭდავი და კონკრეტული, რისთვისაც ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი თბილისის მერს იმ განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების გამო, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროექტები სახეზეა და ამას ყველა ხედავს. მათ კი ვისაც არ სურთ დანახვა, ვერაფერს ვუზამთ. დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად დაცულია ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს შეუქცევადი პროცესია. დაპირისპირება კი იმიტომ ხდება, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არ უნდათ დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი და ეკონომიკურად მდგრადი საქართველო, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესია და საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს გაიმართება. მისივე თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნაზე საუბარი აბსურდია.
„მინდა მივმართო ყველას, ვინც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. დაახლოებით 9 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიცია ხომ აცხადებს, რომ თითქოსდა მათ თბილისში გაიმარჯვეს. მიიღონ მონაწილეობა და ვნახავთ როგორ გაიმარჯვებენ. ამ არჩევნებსაც ჩვენ მოვუგებთ, რადგან ჩვენს უკან უამრავი გაკეთებული საქმე დგას „- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.