დღესაც, ჩვენი მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება - შალვა პაპუაშვილი
დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით მთავარი ორიენტირი წინაპრებისგან მიღებული ცოდნაა.
,,რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც, ჩვენი მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.
ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა; უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო.
ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი; სახლი, სადაც ვცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამისა.მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა, ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო.
ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას, ურთიერთგაგების, სიყვარულის და სიკეთის უნარს. ქართული ენა ის აზრობრივი კალაპოტია, რომელიც ინახავს ჩვენს მეხსიერებას, სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ტრადიციულ კოდს, რაც გვაქცევს განუმეორებელ, უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ქვეყნად.
დაბოლოს, ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულებების მოტრფიალე ადამიანი ვერასდროს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.