დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას და დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
„მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და მცირე ინფრასტრუქტურულ ზიანს. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ საქმე ეხება კონკრეტული შენობა-ნაგებობის, სახლის მდგრადობას, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს დასკვნა, ან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ამ შემთხვევაში ასეთ ოჯახებს მუნიციპალიტეტი გაიყვანს ქირით. არავინ არ დარჩება ჭერის გარეშე, ამ შემთხვევაში დაითვლება ზარალი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.