დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ - პრემიერი
დუბაის სამიტი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გვაქვს საშუალება, მივმართოთ ფართო აუდიტორიას, აქ არიან შეკრებილები პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად.
„ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. აქ ჰქონდათ, მათ შორის, მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პირადად მე მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
16.09.2026.20:11
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.
გამოძიება ლილუაშვილს ედავებოდა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.
სუს-ის ყოფილ უფროსს ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.
გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.