ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სანებართვო პირობების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაზრდა სათამაშო ბიზნესის სფეროში დადგენილი რეგულაციების უფრო ეფექტიან დაცვას და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ცვლილებების მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ადეკვატური და პროპორციული სანქციები დაწესდება. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი; აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი; აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი გახდება.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი წარადგინა. ცვლილების თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სახელწოდება - „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" სახელწოდებით იცვლება. ამასთან, სააგენტო, რომელსაც დამატებითი ფუნქციები მიენიჭება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. შესაბამისად, სამინისტროს მის განკარგულებაში არსებული ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერისთვის განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების სააგენტოსთვის გადაცემა დაევალება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
კახაბერ ლაბუჩიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
27.10.2026.17:32
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ისნის რაიონის (ავლაბარი, ელია, მეტრომშენი) მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ვრცელი ადგილი საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრმა კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.
კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშის წარდგენისას თავმჯდომარის რანგში სარევიზიო კომისიაში გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა და საანგარიშო პერიოდის სტატისტიკა დეტალურად მიმოიხილა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა 15 ორგანიზაციის შემოწმება, აქედან 11 ორგანიზაციის შემოწმება დასრულებულია, ხოლო 4 ორგანიზაციის შემოწმება ამჟამად მიმდინარეობს.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია სარევიზიო კომისიის 17 სხდომა, რომლებზეც 34 საკითხი განიხილეს.
„შემოწმებიდან გამომდინარე რეკომენდაციები გაიცა, რომლებიც ორგანიზაციების მიერ უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებულია“, - ნათქვამია ანგარიშში.
კახაბერ ლაბუჩიძემ თავის ანგარიშში სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებაზეც ისაუბრა და მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების, ახალი გამოწვევების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები დეტალურად მიმოიხილა. ტრენინგები სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში გაიარეს.
საკრებულოს წევრის ანგარიშში ცალკე თავი სამუშაო ვიზიტებს ეხება.
კახაბერ ლაბუჩიძის ანგარიშში ვრცელი ადგილი ისნის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. მაჟორიტარმა სამაჟორიტარო ბიუროს მუშაობა, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის გამოყოფილ სახსრები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებები, სოციალური დახმარებები, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები და თბილისის საჯარო-სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, სამაჟორიტარო ბიუროში შემოსული თხოვნები და საკითხები ინფრასტრუქტურულ, საყოფაცხოვრებო, სოციალურ, სამართლებრივ, ქონებრივ, სამედიცინო მომსახურება-გამოკვლევებს, ოპერაციებს, მედიკამენტების დაფინანსებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს ეხება.
სტატისტიკის მიხედვით, ბიუროში საანგარიშო პერიოდში შესულია 525 განცხადება, რომელთან ნაწილი ამჟამად დაფინანსებულია 159 642,59 ათასი ლარით და კიდევ 72 განცხადებაა განხილვის პროცესში.
განცხადებები ძირითადად ეხება სამაჟორიტარო რაიონში წარმოებულ საგზაო სამუშაოებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საჭიროებებს, რომლებზეც მაჟორიტარის ბიუროდან საქალაქო სამსახურებთან შუამდგომლობები იგზავნება.
კახაბერ ლაბუჩიძის ანგარიშში ასევე საუბარიათბილისის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილე 6 წარმატებულ პროექტზე. ასევე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაზე, რომლის შესახებაც მაჟორიტარმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებთან 30-მდე შეხვედრა ჩაატარა.
კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშში გამოსყიდვის პროგრამით განხორციელებულ 7 წარმატებულ პროექტზეც ისაუბრა და ისნის რაიონის გამგეობის მიერ „ავარიული სახლების გამოსყიდვის პროგრამაში“ ჩართული ოჯახებისთვის გადახდილი ქირის კომპენსაციის თანხები წარმოადგინა.
მაჟორიტარმა ასევე სამაჟორიტარო რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და რამდენიმე მისამართზე ქუჩის შესრულებული სამუშაოები მიმოიხილა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისნის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, თბილისის განვითარების ფონდისა და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.