მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ექსკლუზივი | ოქტომბერში ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

news image
mbc image

ოქტომბერში ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება - ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ხედავთ ალბათ, რომ არასაარჩევნო პერიოდში როგორი დატვირთულები ვართ და ხშირად, ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფერმა შექება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, აღნიშვნა მაინც სხვადასხვა ჩართული მხარეების მხრიდან ჰპოვოს, ეს უფრო კრიტიკის ქარცეცხლში ყვება ხოლმე, რომ თუ რატომ ვართ ასეთი აქტიურები არასაარჩევნო პერიოდში.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტიურობაც ზუსტად ემსახურება ყველა იმ სტრატეგიულ პრიორიტეტსა და მიზანს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, ინსტიტუციონალური განვითარებისა და სხვა მიმართულებით გვაქვს.
მათ შორის, მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც მეცამეტედ უმასპინძლა საარჩევნო ადმინისტრაციამ. დაახლოებით 100-მდე მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაგრძელებული ევროპის თუ რეგიონის სხვადასხვა წარმომადგენლებით. ეს იყო საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობითი შეხვედრა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება, რომლის მთავარ თემასაც ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, სოციალური ქსელები და მათი გამოყენება დეზინფორმაციის მართვასთან დაკავშირებით და იმ უარყოფით გავლენებთან მიმართებაში წარმოადგენდა, რომელიც დეზინფორმაციამ შეიძლება მოიტანოს.

იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ თუ ვნახავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო IDEA-ს კვლევებს, კარგად ვნახავთ, რომ დეზინფორმაცია, საარჩევნო ადმინისტრაციების დისკრედიტაცია და მათი გაშავების მცდელობა წარმოადგენს ზოგიერთი დაინტერესებული მხარის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.
ეს დეზინფორმაციები, მანიპულაციები უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით გარკვეულწილად იქცა ერთგვარ იარაღად დემოკრატიის წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს? თუ, მაგალითად, პოლიტიკური პარტია არ არის კმაყოფილი თავისი შედეგებით ან სამართლიანი მიდგომა ამასთან დაკავშირებით არ არის, ერთი და იგივე არჩევნები შეიძლება მოინათლოს იმთავითვე რაღაც მანიპულირებულად, ან, თუ პირიქით არის, ანუ კმაყოფილების დონეა, იგივე არჩევნებზე შეიძლება ძალიან მაღალი აღფრთოვანებით ისაუბრონ სხვადასხვა ჩართულმა მხარეებმა.

ახლა არ შევეხები სპეციალურად სხვადასხვა ქვეყნებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკოსებს და ჩართულ მხარეებს მაგალითებად მოჰყავთ ხოლმე. ვგულისხმობ, მაგალითად, შეფასების სტანდარტებს, მაშინ, როდესაც ის, რაც ჩვენთან მაღალი სტანდარტებით ხორციელდება, შეიძლება უარყოფითად იყოს შეფასებული და, პირიქით, იმ სხვა ქვეყნებში, სადაც ეს ბევრად ნაკლებად და ნეგატიური ფონით გამოისახება, შეიძლება დადებითად იყოს შეფასებული.

დავუბრუნდები ჩვენი კონფერენციის თემას. ესეც იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი განხილვის თემა ამ კონფერენციაზე და, ფაქტობრივად, მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციაზე შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გამოწვევები ნამდვილად საერთოა. ის, რასაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც ამომრჩეველთა სანდო და ობიექტური ინფორმაციის დაყვანისა და მიწოდების მიზნით აკეთებს, ნამდვილად ეფექტიანი საშუალებებია, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთი საშუალება დავნერგეთ. მაგალითად, დეზინფორმაციის ცენტრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევს ღია სივრცეებში გავრცელებულ ინფორმაციას, ავსტრალიის ცესკოს მაგალითზე დეზინფორმაციის რეესტრი შევქმენით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია და ასე შემდეგ.
თუმცა, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ დამატებით არის საჭირო გარკვეული მექანიზმების შექმნა, მათ შორის, მეტი ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, რათა მოიხსნას და შემცირდეს მოწყვლადობა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ზუსტად ამას ეხმიანება ჩვენი აქტივობები ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით და, მათ შორის, კიდევ ერთობლივად, ადგილობრივად, რეგიონულად თუ საერთაშორისო დონეზე დამატებითი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამდე გვქონდეს მეტი ინფორმაციის დაყვანის შესაძლებლობა, რათა ისინი არ მოექცნენ ამ უარყოფითი გავლენების ქვეშ, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ იქამდე, რომ იქმნება ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები, სკეპტიციზმი, უნდობლობა არჩევნებთან დაკავშირებით, შედეგებთან მიმართებაში და ასე შემდეგ.

ამიტომაც არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ინსტიტუტისთვის, იმიტომ, რომ ეს არ არის ვიღაც ერთი ადამიანის გავრცელებული, ვთქვათ, მცდარი ინფორმაცია. საუბარია კამპანიურობაზე, საუბარია სხვადასხვა საკითხის პროპაგანდულად წარმოჩენაზე, რათა გადაიფაროს ის გარკვეული პროგრესის შედეგები, მაგალითად, რომელიც ეუთო/ოდირის დოკუმენტში ეწერა.

იმიტომ, რომ არჩევნების ადმინისტრირების ხარისხი კარგად იყო შეფასებული, დადებითად. ცესკოს საქმიანობა იყო გამჭვირვალედ და ძალიან დადებითად შეფასებული, ისევე, როგორც ამ დოკუმენტში არსად არ ეწერა ისეთი გარემოება, რომელიც ხელს მისცემდა რომელიმე დაინტერესებულ პირს, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინა არჩევნების ლეგიტიმაციასა და შედეგებთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც ჩვენ ამის საპირისპიროდ ვნახეთ ასეთი დადებითი შეფასებები, მე არ ვსაუბრობ იმას და ის არ გეგონოთ ჩემი შეფასება, რომ თითქოს წუხილებზე არ არის საუბარი, რომელსაც არ ვიზიარებდეთ. კი, რა თქმა უნდა, როდესაც 10 000-ობით ადამიანი და ამხელა ადამიანური ფაქტორი არის პროცესში, ცხადია, რომ გადაცდომები იქნება ადამიანური ფაქტორით გამოწვეული. მთავარი არის, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ისეთი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ შედეგზე, რაც, საბედნიეროდ, არც 2024-ში და არც შემდგომ არ ყოფილა.

მაგრამ ჩვენ ვნახეთ, როგორი დისკრედიტაცია მიდიოდა ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს დღესაც კი გრძელდება, ისევე, როგორც არ გაჩერებულა უსაფუძვლო ბრალდებები იგივე 2024 წლის არჩევნებთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც არც სასამართლოში, არც საარჩევნო ინსტიტუციაში, არც პროკურატურაში.

ჩვენ რამდენიმე განცხადება ვნახეთ - ისეთი ბრალდებები, რომელიც, მისი დადასტურების შემთხვევაში, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა და ეს ადამიანები, ზოგი, როდესაც ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ შეესწავლათ მათ და დაედგინათ ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ თუ ის რომელიმე იარსებებდა, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დარღვევა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ის, რომ ზოგიერთი მათგანი საერთოდ უარს აცხადებდა იქ გამოცხადებაზე, ზოგიერთი მათგანი იქით მიუთითებდა პროკურატურას, რომ ჩვენ გავაჟღერეთ და დანარჩენი თქვენ თვითონვე შეისწავლეთ და გამოიკვლიეთო.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც კომისიაში იყო 17 კომისიის წევრი, აქედან 9 იყო პარტიული, აქედან ერთი მმართველი პარტიის და 8 ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან, საიდანაც ამ 17-დან თითქმის ყველას ხელმოწერა ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებზე - 17, 16, 15, სადაც რა რაოდენობა იყო  და იყო მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით 9 განსხვავებული აზრი.

აპარატის დათვლილი შედეგები იყო აბსოლუტურად ზუსტი, ხელით გადაითვალა და იყო ეს ყველაფერი სრულად კანონთან შესაბამისობაში, ცდომილების გარეშე. იყო ამდენი დამკვირვებელი, მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, იყო ტრადიციული უბნების შემთხვევაში დასკანირებული და სრული, უმაღლესი დონის საჯაროობა იყო უზრუნველყოფილი.

ამას დამატებული ეგრეთ წოდებული პივიტი, რომლის შედეგებიც ემთხვეოდა, მაგრამ, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თავიანთი რაღაც მიზეზების გამო ისინი არ აქვეყნებდნენ.

ეს რა არის, თუ არა ის, რომ რეალურად შედეგებთან მიმართებაში, პროცესთან მიმართებაში არ არსებობდა რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც რაიმენაირად მინიშნებას მაინც გააკეთებდა, რომ სადღაც შეიძლება ყოფილიყო რაიმე არსებითი დარღვევა.

აი, ამ ფონზე, როდესაც ვერცერთ ამ ინსტიტუციაში ვერაფერი ვერ დადგინდა და, რაც არ არსებობდა, ბუნებრივია, როგორ დადგინდებოდა. მე არ ვგულისხმობ მცირე გადაცდომებს, რომ ვიღაცამ რაღაც პროცედურა არაჯეროვნად შეასრულა ან ასე შემდეგ. ამის გამო ყველას თავისი, რა თქმა უნდა, სახდელი დაეკისრა ან დაეკისრება მომავალში, ასეთის მოხდენის შემთხვევაში.

მაგრამ აი, ამ ფონზე, იქ ეუთოს ანგარიშის ფონი და ამერიკული აუდიტორული კომპანიის შესაბამისობის აუდიტი, ვენდორი კომპანია, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირებას ახდენს.

საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ თუ შედეგით უკმაყოფილო არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, იწყება იმთავითვე პროცესის გაშავება. ეს არის გამოწვევა, ეს არის პრობლემა, იმიტომ, რომ ეს იმ არჩევნებით არ შემოიფარგლება და არ მთავრდება.

მოახლოვდება შემდეგი არჩევნები 2028 წელს. ახლა, მაგალითად, ოქტომბრის თვეში, პირველად ვიტყვი თქვენი ეთერის მეშვეობით, უკვე გამოკვეთილია ოთხი ოლქი თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები.

ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, როგორც ჩვენთვის - ჩვენი მზაობის, ჩვენი ცოდნის, გამოცდილების კიდევ ერთხელ პრაქტიკაში იმპლემენტაციისთვის, მაგრამ, ამასთანავე, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დამკვირვებლებმა, ჩართულმა მხარეებმა, თუ რაიმე წუხილი აქვთ, ობიექტურ წუხილზე ვსაუბრობ, ტექნოლოგიებთან იქნება თუ სხვა პროცესთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ დავსხდეთ, ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო დონეზე იქნება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში იქნება თუ ასე შემდეგ.

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ურტყამს იმას, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი სერვის-პროვაიდერი, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებაზე არის პასუხისმგებელი და თუ ასეთი სკეპტიციზმი განვითარდა, თუ ასეთი უნდობლობის მცდელობები იქნა, თუ გაჩნდა კითხვის ნიშნები არჩევნებთან მიმართებაში, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს პროცესს, საარჩევნო გარემოს აზიანებს, იმიტომ, რომ ერთადერთი დემოკრატიული, კონსტიტუციური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ადმინისტრირებაზე, სწორედ ეს ინსტიტუტია.

არჩევნების შედეგები, ქვეყნის მომავალი, დემოკრატიის საზომი და ასე შემდეგ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მეტი და მეტი ვაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მივიყვანოთ ინფორმაცია.

ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია, კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიც, მაგრამ ჩვენი მთავარი ადრესატი არის ამომრჩეველი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. პატივი ვცეთ ამომრჩეველს, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებული ყველაფრის შესახებ და შემდეგ თავად გადაწყვიტონ და შეაფასონ, რომელი ინფორმაციის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ გადაიხარონ და გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

მაგრამ ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ მეტი ინფორმირებულობა, ცნობიერების ზრდა და ასე შემდეგ იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რათა ეს ყველაფერი დაუპირისპირდეს იმ დეზინფორმაციულ კამპანიებს, რომლის მიზანიც არის არა რაღაც ვიწრო, არამედ საკმაოდ გლობალური, გლობალურ შედეგებზე გადის უარყოფითად და გლობალურ შედეგებზე ისახება ეს ყველაფერი ნეგატიურად“, - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს

15.08.2026.11:23

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.

„დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით, დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყვეს ხელი – კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, ,,პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“, განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა; საქართველოს მოქალაქე კი, 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელდებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა