ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია იქნება
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება, მე მას წარმატება მინდა ვუსურვო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის.
„ბატონ გიორგისთან [კეკელიძე] გუშინ მქონდა შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი და მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, ამიტომ რა თქმა უნდა ის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი დგას. რა თქმა უნდა ბატონი გიორგის მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დამატებით კომენტარის გაკეთებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. მე მას წარმატება მინდა ვუსურვო. ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, ეს მცდელობები რომ ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.