ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია - პრეზიდენტი
31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა.
მან საკუთარი მოხსენების დაწყებამდე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ბუჩას ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო
„31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78:
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამიტომ დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე.
2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებდა. ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.