ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის 2026 წლის ანგარიში და 2027 წლის გეგმები მოისმინეს. პრეზენტაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა წარადგინა. ყურადღება სატყეო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა. სატყეო რეფორმის, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით, 2026 წელს დაიწყო, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა. უკანონო ჭრების პრევენციისა და ტყის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1.7 მილიონზე მეტი ჰექტარი 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის 401 ტყის მცველი. შედეგად, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან საშუალოდ 2 000 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაორმაგდა. ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, მონიტორინგი სრულად გაციფრულდა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერებს, ფარგლებში აშენდა სატყეო სამსახურის 2 ახალი ოფისი, რეაბილიტირებულია 9 ოფისი. ასევე, მოეწყო 68 საქმიანი ეზო. შეძენილია 110 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო სამუშაოებისთვის და 215 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კანონმდებლებს სააგენტოს მიერ 2027 წელს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტისთვის ეკოტურიზმის განვითარების გეგმებია მომზადებული და იდენტიფიცირებულია 40 საინვესტიციო ობიექტი. ბესიკ ამირანაშვილმა ყურადღება ტყის აღდგენის გრეძელვადიან პერსპექტივაზეც გაამახვილა. ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები - ათწლიანი სტრატეგიით ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები, სულ 51 000 ჰა ფართობზე იქნება განხორციელებული. ასევე, ხაზგასასმელია, რომ 2027 წელს შეიქმნება ძირითადი და დროებითი სანერგეები, რაც ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მიზანი ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადებაა. 2014-2026 წლებში ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59 %-ზე. ხოლო, 2027-2028 წლებში ინფორმაცია სრულად იქნება განახლებული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 100 %-თვის.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.