ერთ-ერთმა ელჩმა თქვა რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსის ევროკავშირში შესვლის - ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს - ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, რუსეთთან ფრენების გამო, რამდენად არსებობს რისკი, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად გადაიქცეს, ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მეზობელი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები. მან აღნიშნა, რომ თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო დღეში მხოლოდ 5 პირდაპირ რეისს ასრულებს რუსეთის მიმართულებით, რაც რაიმე სახის რისკს ამ კუთხით გამორიცხავს. „რაც შეეხება იმას, თუ რამდენად „სარისკოა“ ამ კუთხით საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით: მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში, რუსეთსა და თურქეთს შორის სრულდება დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი, აზერბაიჯანი - დაახლოებით 25, სომხეთი - დაახლოებით 25, რაც ჯამში არის 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი, როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი? ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილებია? როგორ შეიძლება ასეთ რამეს კადრულობდეს ელჩი, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უდნა უფრთხილდებოდეს? - არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.