ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.
ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ქედაში ევროკლუბიც გახსნა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და განათლების შესაძლებლობების გაძლიერებაში.
სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ ისეთი სფეროების მხარდაჭერის მზაობას, როგორიცაა ურბანული განვითარება, მდგრადი ტურიზმი, თანამშრომლობა საზღვაო სფეროში, სასამართლოს რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ახალგაზრდების გაძლიერება.
შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს სათემო ინიციატივებს, ადგილობრივ მეწარმეობასა და სოფლის მდგრად განვითარებას. ელჩმა ჰერჩინსკიმ ადგილობრივი საწარმოებიც მოინახულა: მათ შორის ნური სირაბიძის ღვინის მარანი ქედაში, რომელმაც დახმარება FAO-ს ინიციატივის ფარგლებში მიიღო; ასევე სასტუმრო-კოტეჯი "ვუდჰაიდი“, რომელიც მაჭახელას ეროვნულ პარკში მდებარეობს და ENPARD-ისა და UNDP-ის პროგრამების დახმარებით მოეწყო. ელჩის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის ურყევ პოზიციას ეკონომიკური ზრდის, მდგრადი ტურიზმისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიმართ.
ელჩის ვიზიტი სასულიერო პირებთან შეხვედრით დასრულდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს რელიგიურ ტოლერანტობასა და მშვიდობიან თანაარსებობას.
აჭარის რეგიონში ელჩი ჰერჩინსკის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი და მზარდი პარტნიორობა. ვიზიტის დროს შემდგარმა დიალოგებმა და დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა ევროკავშირის ერთგულება რეგიონში ეკონომიკური ზრდის, სოციალური განვითარებისა და საერთო ღირებულებების მხარდაჭერის მიმართ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.