ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ამოცანა შესრულდეს - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ევროკომისიის ახალ შემადგენლობაზე, სადაც თანამდებობებს იკავებენ კუბილიუსი და იუკნევიჩიანე.
“კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი. რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, დასრულდა მეორე არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეს წაადგება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი, მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას, ემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.
„ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზულია. ყველაფერი წავა ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვისკენ, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. ამისათვის ჩვენ 4 წლის თავზე გვექნება შესრულებული ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.