ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
პროექტის თანახმად: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5.0%-ია; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.9%-ით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს; ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათასი დოლარია; ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0%-ს დაუბრუნდება; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4%-ს შეადგენს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი 31.6%-ის დონეზეა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის 85%-ზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს. შემოსავლების მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით. 2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაზე მიიმართება, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტების წევრებს ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, სადაც მიმდინარე ხარჯები იზრდება. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 90 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
პროექტის მიხედვით, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 32 166.0 მილიონი ლარია, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 32 071,5 მილიონი ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 1 015,0 მილიონი ლარია, საიდანაც: გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის გათვალისწინებულია - 41,5 მილიონი ლარი, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 34,2 მილიონი ლარი, სატყეო სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 29,1 მილიონი ლარი, გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგისთვის - 34,9 მილიონი ლარი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვისთვის, დარიშხანშემცველი ნარჩენების ობიექტების მართვისთვის - 5,8 მილიონი ლარი და მყარი ნარჩენების მართვისთვის - 50,4 მილიონი ლარი.
გიორგი კაკაურიძის თქმით, 2027 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 232,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
სამივე კომიტეტი შესაბამის დასკვნებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაუგზავნის.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოში საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს უმასპინძლეს
08.10.2026.16:43
თბილისის საკრებულოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით ჩატარდა.
მიღებაზე სპორტსმენებს და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა.
„დღეს აქ თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. თბილისმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მსოფლიოს 44 ქვეყნის 312 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. თქვენ არა მხოლოდ ინდივიდუალური მედლები მოიპოვეთ, არამედ ისტორიაში პირველად საქართველოს გუნდს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანეთ. ეს არის უდიდესი მიღწევა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. თქვენი წარმატება არის მაგალითი იმისა, რომ მიზანდასახულობას, შრომასა და თქვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ქართველი პარაძიუდოისტების გამარჯვება დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ღირსეული წარმოჩენისთვის. საბა ბაღდავაძის და ლევან გუგავას ოქროს მედლები, რევაზ ჩიკოიძის ვერცხლისა და გიორგი გამჯაშვილის ბრინჯაოს მედლები ნამდვილად საამაყო შედეგია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული გამარჯვება. ფინალში გამართულ დაძაბულ ბრძოლაში თქვენ შეძელით წარმატების მიღწევა. მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბატონ ლევან ქოჩიევს, პარალიმპიურ კომიტეტს და მის თითოეულ წარმომადგენელს. ამ შედეგის მიღმა დიდი შრომა, პროფესიონალიზმი და თავდადებაა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურნირმა მაღალი შეფასება მიიღო საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს პრეზიდენტების მხრიდან. მათი შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში პარასპორტი ვითარდება და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი.
საკრებულოში გამართულ მიღებაზე 2026 წლის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ქართული პარასპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს. ასევე 2026 წლის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობისა და ქართული პარასპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ პარაძიუდოისტებს, ნაკრების მწვრთნელებს და ექიმს.