ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ - ეს არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკაა - ირაკლი კობახიძე
ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მან გაიხსენა როგორც 2021 წლის, ისე 2024 წლის არჩევნებამდე სესხების გაუქმებასთან დაკავშირებით გეგმები, რაც არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენის მოხდენის მცდელობა იყო, თუმცა, კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანზე ამ ნაბიჯმა ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.
„ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები.“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსი საქართველოს დასაშანტაჟებლად და არეულობის შემოსატანად.
„ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველა მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის 2 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.