გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ულოცავს.
“თქვენო აღმატებულებავ, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში! თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური” - ნათქვამია ანტონიო გუტიერეშის მილოცვაში.

სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.