გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 12-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია
ჩანდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის ინდექსს აქვეყნებს.
საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო გამჭვირვალობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მეცხრე ადგილზე გავიდა. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
მსოფლიოს საუკეთესო თორმეტეული ასე ჩამოყალიბდა: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და საქართველო.
გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ამერიკული ორგანიზაციების TRACE international -ის და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატური კვლევებს.
კერძოდ, TRACE international -მა მის მიერ წარმოებული მექრთამეობის რისკის მატრიცის ფარგლებში მთავრობათა მარეგულირებელი ფუნქციების გამჭვირვალობის ისეთი ასპექტები მოიკვლია და გაზომა, როგორიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები. რაც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობას“, ის ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობით 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო ერთ წლიან პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.
პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის გამჭვირვალობის ინდექსი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/t-index/transparency-index ) და სადაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო მეორე კვლევა არის ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში (https://allianceofdemocracies.org/democracy-perception-index ), სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული. კვლევა თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიოს 100 ქვეყნის 111 ათას რესპოდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას. დემოკრატიების ალიანსის ფონდი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული. ფონდი ყოველწლიური დემოკრატიის სამიტის ორგანიზატორიცაა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.