გარკვეული ძალები, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ, ცდილობენ, ეუთო/ოდირის დასკვნა იყოს მიჩუმათებული, რათა ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ - არჩილ გორდულაძე
„ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და სანდოობის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება ეს არის ეუთო/ოდირი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ და ვეთანხმებით. თვეების განმავლობაში გვესმოდა როგორც უცხოელი სახელი და გვარის მქონე სხვადასხვა ფუნქციონერისგან, პოლიტიკოსისგან, ასევე მათ შორის, იმ ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი განმსაზღვრელი. რა მოვისმინეთ?- ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი“-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, გარკვეული ძალების მხრიდან ახლა ეუთო/ოდირის განცხადების გადაფარვა ხდება, რომ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ.
მისივე თქმით, ხალხს ვეღარავინ მოატყუებს, რადგან დღეს „თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ობიექტური რეალობა ნახოს“.
„რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შენიშვნები, როგორც სხვა ყველა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ და ნახონ რა დასკვნები კეთდება. მაგალითად, სულ ახლახან ჩატარებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების თაობაზე, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების თაობაზე, თუ სხვა ქვეყნებში ჩატარებულზე რა დასკვნები უდევს ეუთო/ოდირს. და როგორი არის ჩვენს მიმართ არსებული დასკვნები. მიუხედავად შენიშვნებისა მთავარი, რაც დასკვნაში ვიხილეთ ეს არის, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეეძლო თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა, მიუხედავად ამისა, გარკვეული ძალები, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, ცდილობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და ეუთო/ოდირის ხელმძღვანელის შეფასებები იყოს მიჩუმათებული, რათა ისევ და ისევ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ. არ გამოსდით და ზუსტად ამიტომ არის, რომ ყველაფერს რაც ხელს უწყობს და ადასტურებს, რომ ლეგიტიმურად ჩატარდა 26 ოქტომბერს არჩევნები, ამ ყველაფრის მიჩქმალვას ცდილობენ. მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა, 2024 წელია და თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, რომ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ობიექტური რეალობა ნახოს და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. აღარ არის ეს 2004-2012 წლები, როცა მართული იყო ყველა მასობრივი საშუალება, რითაც შეიძლებოდა რომ ადამიანებს ინფორმაცია მიეღოთ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელში ეჭირათ. არ გამოსდით ეს ყველაფერი, ადამიანებს შეუძლიათ, რომ თავისუფლად ნახონ თუ რა არის რეალობა და რეალობა არის ერთი, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ გუნდის სასარგებლოდ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ბავშვების, ოჯახის ღირებულებების სადარაჯოზე და ღირსეულად ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს“.-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.