გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე - ირაკლი კობახიძე
გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რყევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი ორიენტებულია კონკურენციის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობაზე, გაზრდილია ბიზნეს სესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.
„ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება, სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია. ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსოს სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციების, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლი ფასდაუდებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოს, განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, სწორედ მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას. მინდა, მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლარის 30 წლოვან იუბილეს და მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.