გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო - პრეზიდენტი
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო, - განაცხადა თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ზუსტად 107 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს - რას ნიშნავს გვერქვას ქართველი, ვცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, ვსაუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი, ევროპული, ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია - ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი.
სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ, ამ სამიდან, რომელიმე გამოაკლდება ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.