გიორგი შონია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბექა ურუშაძე შეცვალა.
გიორგი შონია 2025 წლის აგვისტოდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მის ნაცვლად კომპანიის დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა.
გიორგი შონიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი ამავე კომპანიაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორის მოადგილე იყო. 2025 წლის ივნისის ბოლომდე ეკავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, ასევე იყო მინისტრის მრჩეველი. 2018-2025 წლებში იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2014-2018 წლებში საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
გიორგი შონიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, იგი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
სხვადასხვა წლებში ბესიკ ჯიქურაული მუშაობდა, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საბანკო სექტორში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტში.
ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს - პრემიერი
25.06.2026.15:21
ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული 5 წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მლრდ 2020 წელს და ახლა არის 38 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ბუნებრივია, ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს,"- აღნიშნა პრემიერმა.