გიორგი ტყემალაძე: „საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს“
„ჩვენ გიდასტურებთ მზადყოფნას საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და ევროპული დემოკრატიის განვითარების სასარგებლოდ ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ევროპის საბჭოს კონგრესთან თანამშრომლობა ერთობლივად სასარგებლო იყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაგრძელება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონგრესის მიერ მიღებულ დეკლარაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობაეჭვქვეშ დააყენოს.
„რადგანაც საქართველოში დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდა და რამაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანა. აღნიშნულმა მიღწევებმა მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მმართველ პარტიას წლების განმავლობაში უმრავლესობის მანდატს ანიჭებდა.
ჩვენ დიდად ვაფასებთ ნაყოფიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას კონგრესთან, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოს უკანასკნელ წლებში საგრძნობლად განევითარებინა ადგილობრივი დემოკრატია. უდიდესი სიამოვნებით ვიღებთ კონგრესთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, ისევე როგორც სიამოვნებით გავაგრძელებთ არსებულ თანამშრომლობას საქართველოში დაგეგმილი მონიტორინგის მისიის ფარგლებში.
გვჯერა, რომ აღნიშნული მისია იქნება კარგი შესაძლებლობა მიუკერძოებელი შეფასებების გასაკეთებლად. ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ ვშიშობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს და ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების პოლარიზებას, ასევე შეუქმნას რისკები მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესს. ვფიქრობთ, ასეთი არასასურველი მოვლენების განვითარება არ შეესაბამება კონგრესის ინტერესებს.
ჩვენი სურვილია უფრო მეტად ვკონცენტრირდეთ ჩვენი თანამშრომლობის ღირსებებზე და დაგიდასტუროთ მზადყოფნა გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და ევროპული დემოკრატიის განვითარების სასარგებლოდ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.