გივი მიქანაძე დეპუტატებთან ერთად აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დეპუტატებთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
„აზერბაიჯანის პარლამენტი და საქართველოს XI მოწვევის პარლამენტი თითქმის ერთდროულად იქნა არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობა ერთ პერიოდში გვიწევს. აღნიშნული მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო ურთიერთობების მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის ხელშეკრულება და დარგობრივი კომიტეტებისა თუ მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები ორივე ქვეყანაში უფრო ინტენსიური გახდეს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხარეებმა ერთობლივი პროექტებისა და ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ზაურ დარგალი, გიორგი სოსიაშვილი, პაატა სალია, ვლადიმერ ბოჟაძე, სავალან მირზოევი და ანტონ ობოლაშვილი.
აზერბაიჯანის დელეგაციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მილი მეჯლისის თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ ნაგიევი, შრომის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მუსა გულიევი, ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აზერ ამირასლანოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.