გვჯერა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ასევე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში - პრემიერი
გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action - განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ
„ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
05.10.2026.12:30
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.
ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.
45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.