Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს - ლევან ჟორჟოლიანი
Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა - კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და მექრთამეობასთან ბრძოლა.
„აღნიშნული კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის კორუფციის აღქმის ინდექსი, კორუფციასთან ბრძოლა, ნეპოტიზმთან ბრძოლა, მექრთამეობასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველდღიურად ვხედავთ ამ ძალისხმევის შედეგებს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავრობის ადმინისტრაციის მანდატის გაფართოება ანტიკორუფციული ძალისხმევის ნაწილში და პოლიტიკის ნაწილში, დაემატა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც გასულ წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, 300 მლნ ლარი დაუზოგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ასევე, მნიშვნელოვნად გავაჯანსაღეთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასეთ შედეგზე გავსულიყავით. ჩვენ ვაგრძელებთ კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობას, რომელმაც კიდევ უფრო კარგ შედეგზე უნდა გაგვიყვანოს ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის ნაწილში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
09.10.2026.17:03
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. კომიტეტის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 15 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გამოყოფილია - 99 მილიონ ლარამდე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 105 მილიონი ლარი, ერთიანი აგროპროექტისთვის - 313 მილიონ ლარამდე, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 223 მილიონი ლარი.
პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ზურაბ ეზუგბაია და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ. მათ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და შესაბამისი სფეროების განვითარების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.