იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი - ირაკლი კობახიძე
ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.
„გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, რომ განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში, აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი და გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან, ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა.
„ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს, მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ის პირდაპირ დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში, შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან.
რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.