ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიას ქმნის - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური ლაბორატორია, რომელიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ინიციატივა ეფუძნება იმ საჭიროებას, რომ ქვეყანაში ხარისხის შეფასებისთვის არსებობდეს შესაბამისი ინსტრუმენტული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდში, მსგავსი სრულფასოვანი ტექნიკური საშუალებები არ არსებობდა, რაც თანამედროვე, ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და უახლოეს პერიოდში საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია.
ახალი ლაბორატორია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების ყველა ძირითადი კომპონენტის ხარისხის კონტროლს — მათ შორის საგზაო და სამოქალაქო მშენებლობას, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, სამშენებლო მასალებსა და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს.
რავაზ სოხაძემ ისაუბრა პროექტების შესრულების ხარისხზეც და აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომპანიის წარმომავლობაზე. ქართული კომპანიებიც ასრულებენ სამუშაოებს მაღალი და სამინისტროს მიზანია, ასეთი კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამასთან, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა ავტომატურად არ ნიშნავს მაღალი ხარისხის გარანტიას.
მისივე თქმით, სამინისტროს მთავარი პრინციპია, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო კომპანიებმა სრულად დაიცვან საქართველოში მოქმედი სტანდარტები და პატივი სცენ ქვეყნის მოთხოვნებს.
„არავის მიეცემა შესაძლებლობა იფიქროს, რომ საქართველოში შესაძლებელია დაბალი ხარისხის სამუშაოების შესრულება და ეს დარჩება რეაგირების გარეშე,“ - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით ხარისხის საკითხში უწყება იქნება მაქსიმალურად პრინციპული და შეურიგებელი, რათა ქვეყნის მასშტაბით ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.