ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
განხილულ იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე.
აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია.
ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალია-საქართველოს" პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს" განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.
პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.