ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად
ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას, წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა.
ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან.
საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში.
საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს.
საქართველოს გავლით კომპანიებს შეეძლებათ ისარგებლონ ევროპის 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით, საბაჟო მოსაკრებლისა და იმპორტის გადასახადის გარეშე.
საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-თან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან.
გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მნისტრი ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.