ირაკლი ღარიბაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − რობინ დანიგანს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა.
ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.
რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას",- განაცხადა რობინ დანიგანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში - მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.