ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს −ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ბოლო დროს ორმხრივი კონტაქტებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობის წინსვლაში.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროგრესის მიმართ სლოვენიის მხარდაჭერას.
მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება სლოვენიის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მანვე სლოვენიის რესპუბლიკას გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი − ბლაჟ მასლე; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრები − მატეი ტონინი და ალექსანდერ პროსენ კრალი; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალური მდივანი − ურშულა ზორე თავჩარი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში − ირაკლი კოპლატაძე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.