ირაკლი კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა.
„მუსლიმ თემს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას ძალიან დიდი ისტორია უმაგრებს ზურგს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 150 000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ,"- განაცხადა პრემიერმა.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.