ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იყო კარგი შესაძლებლობა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვესაუბრა - მაკა ბოჭორიშვილი
„ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, მნიშვნელოვანი იყო სწორედ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის კონტექსტში, რომელიც გაიმართება დუბლინში," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, ირლანდიის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები და დაესვათ კითხვები.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საგანი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან. კარგი შესაძლებლობა იყო სწორედ აქ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვესაუბრა. კითხვები საზოგადოების მხრიდან იყო საინტერესო, მათ მიიღეს პასუხები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არის კარგი შესაძლებლობა, როდესაც ღიად ხდება საქართველოს პოზიციების გაჟღერება და დაფიქსირება და არის ამის შესაძლებლობა, რომ ევროპელმა მსმენელმა მოისმინოს საქართველოს პოზიციები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობაზე.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა. საქართველო მონაწილეობს ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ასევე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა, რომელიც გახლავთ საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ინიციატივა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით ამ საკითხებზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით ევროპასთან თანამშრომლობისთვის და ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან - ირაკლი კობახიძე
12.11.2026.18:09
სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობს.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს საკვანძო როლი ამ მიმართულებით.
„საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,"- აღნიშნა პრემიერმა.