ჯერ გამოვარდებიან, იტყვიან, რომ რაღაც მოხდა ცუდი, გაყალბდა არჩევნები, ეს საკითხი უნდა გამოიძიონ. დაიწყება გამოძიება და მერე იმალებიან და არანაირ მტკიცებულებას არ წარადგენენ - შალვა პაპუაშვილი
ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. კინო აღარ არის, ეს უკვე სერიალია, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ვხედავთ. ყოველ ჯერზე განცხადებები და ნული მტკიცებულება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კეთდებოდა.
„გაიხსენეთ 2018 წელი, პირადობის ყალბი მოწმობების სკანდალი. ჯერ გამოვარდებიან, იტყვიან, რომ რაღაც მოხდა ცუდი, გაყალბდა არჩევნები, ეს საკითხი უნდა გამოიძიონ. დაიწყება გამოძიება და მერე იმალებიან და არანაირ მტკიცებულებას არ წარადგენენ. ეს მეორდება ყოველ ჯერზე. სხვათა შორის, ქალბატონი სალომე ახლა რომ საუბრობს გაყალბებაზე, გაიხსენოს 2018 წელი. ახლა გვერდში ვინც უდგას იქ, შემთხვევით ზუსტად იგივე სახეები, ზუსტად იგივე სახელები, ზუსტად იგივე ბრალდებებს ხომ არ უყენებდნენ? ქალბატონი ეკა გიგაური, „საია“, სხვები - ზუსტად ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევნების წინ გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაბეჭდილია ყალბი პირადობის მოწმობები. თვითონაც ხომ ძალიან კარგად იცის იმ პირადი გამოცდილებიდან, დაიბეჭდა თუ არ დაიბეჭდა?! ამიტომ, რა თქმა უნდა, არაფერი აქვთ.
ჩვენ ხომ ამაზე ვსაუბრობდით, რომ სინამდვილეში არავინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამას ვხედავდით, იმიტომ რომ კამპანიაც არ ჰქონდათ. ტელევიზორებიდან ვერ გამოძვრნენ, სტუდიებიდან ვერ გამოვიდნენ. მთელი მათი საარჩევნო კამპანია იყო სტუდიური ჩაწერები და უცხოური განცხადებები, სხვა არაფერი. ახდა ყველა სცენარი - არა მხოლოდ ჩვენი, მაკკეინის ინსტიტუტის სცენარიც. საერთო ჯამში, ეს არის ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობა მანამ, სანამ მათი გემოვნების ჯგუფი არ იქნება საქართველოში სათავეში, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ფილოსოფია არ დაბრუნდება სათავეში, როგორც ჩანს არ სურთ, რომ მოისვენონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.