"ქართული ოცნების" გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ"- გიორგი ტყემალაძე
„მინდა, ჩვენს გუნდს მივულოცო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ქართველი ხალხის ნებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი“- ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ.
გიორგი ტყემალაძე სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს-დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასაც შეეხო და განაცხადა, რომ თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით გაზრდილია.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანად ქალაქის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული და შესაბამისად, მომავალ წელს დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
„თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვერსიით, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 62 მილიონიანი ზრდა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ვერსიაში ბიუჯეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმოდგენილი პროექტის პირველადი ვერსია კომისიებში უკვე განვიხილეთ და გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობას გადაეგზავნება. გვექნება კონსულტაციებიც და საბოლოოდ მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც ქალაქის საჭიროებებზე იქნება მორგებული. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები, კეთილმოწყობის სამუშაოები, სოციალური მიმართულებები, გამწვანებული არეალების შექმნა და სხვა“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გამოსვლის ბოლოს გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს, რომლებმაც არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლეს, გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, ისინი პარლამენტშიც გააგრძელებენ ჩვენი ქალაქისა და ქალაქელების ინტერესების დაცვას“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.