„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება
„ქართული ოცნება“ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP)-ის განცხადებას ეხმაურება და პარტიის პრესსამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„კიდევ ერთხელ ვეხმაურებით "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა.
გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ. ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა.
OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია "ახლად აღმოჩენილ სკანდალად" გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა. ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს "საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე", უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.