ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება - ირაკლი ჩიქოვანი
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის ძალებისთვის პროდუქციის სწრაფ და დაბალ ფასში მიწოდებას უზრუნველყოფს.
„თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, 2024 წელს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაზე. აღნიშნული პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამ მიმართულებით 2024 წელს 230 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტით. მიმდინარე წელს გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროცესი. თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით. ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2024 წელს, ამ მიმართულებით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც სხვადასხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობას და შენახვის ხარჯებს მოხმარდება. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების გზაზე და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ და შედარებით დაბალ ფასში მიწოდებას თავდაცვის ძალებისთვის.
ქართული სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კონკურენტული გლობალურ ბაზარზე. შესაბამისად, ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.