„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს.
„როგორც უკვე მოგეხსენებათ გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განვიხილეთ, გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის ასევე, პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს.
როგორც მოგეხსენებათ ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად.
ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
ასევე ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.
ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში.
ეს არის ის სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.