ქართველი ხალხის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ჩვენი ერი და კულტურა სუვერენული უნდა იყოს - ოთარ გრიგოლია
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ჩვენი ერი და კულტურა სუვერენული უნდა იყოს, რომ ჩვენმა ერმა საკუთარი ბედი თავად უნდა განკარგოს.
„მინდა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგილოცოთ. ეს იყო რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდა, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ისეთი გავლენებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა განვკარგოთ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ე.წ. ტოპტვინები პოლიტიკურ ჯგუფებთან და გზააბნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად გაყიდონ.
„დიდი გულისტკივილით ვუყურებ, თუ რა ხდება თბილისში. პოლიტიკური ჯგუფები გზააბნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ აღმოაჩინონ არჩევნების გაყალბების რაიმე საბუთიც მაინც, თუმცა ვერ პოულობენ, ვინაიდან ასეთი რამ არ არსებობს.
ეს აღნიშნულია კიდეც რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ ოზვიაკის, სტატიაში. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამსახურებულად და სამართლიანად გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და უმცირესობის წევრები „რაც უფრო მალე შეეგუებიან ამას, მით უფრო მალე დაიწყება კონსტრუქციული პროცესები“.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.