კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს
ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს მოუხდენია ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.
მისი თქმით, ერთადერთი დისკუსია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონიათ, ეხებოდა იმას, უკრაინისთვის რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული.
„საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის.
ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დახმარების ნაწილში. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, ახლა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.
აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი არ იცავენ სანქციებს.
არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.