ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამასთან ერთად ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
„გლობალურ დონეზე არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდის უზრუნველყოფა. არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით დასტურდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.
არსებული მიღწევებისა და იმ პოზიტიური მოლოდინის პირობებში, რომელსაც, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით პროგნოზირებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს ჩვენი მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, იმისთვის, რომ კეთილდღეობის ზრდა ყველა ოჯახმა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს.
ამ გზაზე, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ და ეკონომიკური დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. თანამედროვე არასტაბილურ გლობალურ გარემოში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ თვითკმარობასა და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა
08.09.2026.13:05
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ოსტრიანი აშშ-დან საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.
რაც შეეხება ემი დიაზს, რომელიც მანამდე ასრულებდა ელჩის მოვალეობას, ის საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.