ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება - ლევან დავითაშვილი
საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხორვატიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებაზეც. „ხორვატია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრია, მათ შორის, ევროზონისა და შენგენის. ამდენად, ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.