კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დადგინდება - მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.
დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი-ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი. კომისია უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს.
განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.