კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან - მამუკა მდინარაძე
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება დაუთმო, კორუფციული დანაშაულის შედეგად, წინა წლებში რეგიონებში დაგროვილ პრობლემებს და აღნიშნა, რომ დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული.
„მინდა ვისაუბრო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი - ხიდი, გზა, წყალი, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები, რომლებიც, რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო, დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის შესრულებული. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას ვაფრთხილებ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ. დროულად და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული. არ ვაპირებ არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
13.10.2026.18:47
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილესთან, ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მისივე თქმით, ამავდროულად მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.
„დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს სამუშაოების ტემპი, რათა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია თანხვედრაში მოვიდეს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის სრულ განახლებასაც მოიცავს. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, ასევე, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი ხაზები და დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „GWP“ ჩაერთვება. ქუჩის გასწვრივ მწვანე ნარგავები განთავსდება.