კულტურის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
კულტურის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და საკანონმდებლო საქმიანობის კოორდინირება; კომიტეტისა და მისი წევრების მიერ კანონპროექტების ინიციირება; მთავრობის მიერ კულტურის სფეროში წარმოდგენილ კანონპროექტებზე მუშაობა; საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა; კანონის აღსრულების, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ეფექტიანი მონიტორინგი; ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესახებ ნაკისრი ვალდებულებებით განსაზღვრულ აქტივობათა შესრულების ზედამხედველობა; ეფექტიანი ფინანსური ზედამხედველობის განხორციელება;
აგრეთვე პრიორიტეტულ საკითხებზე საკომიტეტო მოკვლევებისა და მოსმენების ჩატარება; კომიტეტის საქმიანობისა და დარგობრივი მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესება; დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით კომუნიკაციების გააქტიურება; კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა; ღია მმართველობის პრინციპების დაცვა, არასამთავრობო სამეცნიერო-აკადემიური, კერძო სექტორის, დარგობრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან დროული კომუნიკაცია და საკომიტეტო საქმიანობაში მათი ჩართულობის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა; საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებთან, მეცნიერებთან, ხელოვანებთან კომუნიკაცია და მათი ჩართვა კომიტეტის მიერ განხორციელებულ შესაბამის პროექტებში; საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან აქტიური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება; კომიტეტის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა; კომიტეტის შიდაორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის; კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება, გარე ექსპერტული დახმარების ეფექტიანი გამოყენება.
„კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კოორდინირებული მუშაობა იქნება, ასევე სამინისტროსთან თანამშრომლობა ყველა იმ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, რომელიც კულტურის სხვადასხვა დარგს აწუხებს და შესაბამისი პრობლემების გადაჭრისთვის იქნება საჭირო", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.