ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა 30 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება - გიორგი გრძელიშვილი 4 ოქტომბერზე
ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, ვინც მიდიოდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, არა მხოლოდ კარგად იცოდა ყველამ სად მიდიოდა, არამედ ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა 30 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აქციის თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, თუ სად მიდიოდა 4 ოქტომბერს, შესაბამისად, მათი მცდელობები, თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, არ მოხდება, რადგან კანონის წინაშე ყველა მათგანი აგებს პასუხს.
„მე შემიძლია წაგიკითხოთ რამდენიმე ამონარიდი, მაგალითად 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა ასეთი რამ - „ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, განსაკუთრებით აქციაზე წამსვლელი ხალხი, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას“. ისევ ირაკლი კობახიძე: „მე მინდა უბრალოდ ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“. ისევ პრემიერ-მინისტრი, ეს არის უკვე 3 ოქტომბერი - „გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა“.
ასევე, იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება: „ვინმეს არ წაუცდეს ხელი იმ კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი იმ კანონზე, აპირებენ პროვოკაციებს და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ პროვოკაციას მოჰყვება კანონისმიერი პასუხი“. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ, პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს“, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.