გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ ის უკვე ჩვენს ფუნქციას ითავსებს - რაღაც პროცენტზე უნდა შევჯერდეთ, რომ მის ზემოთ ვერ მოითხოვოს მარჟა | მერაბ ვასაძე
„კითხვა დასვით, ქსელურების მოგების მარჟა არ იზრდება, ვნახეთ და იგივე რჩებაო“, - ზუსტად ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. რატომ გვიზრდის ქსელური მარჟას, - განაცხადა საკონდიტრო კომპანიის „სანდომი“ გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
„სანდომის“ გენერალური დირექტორი შეშფოთებას გამოხატავს ქსელური მარკეტების მხრიდან ადგილობრივ მწარმოებლებზე ზეწოლის გამო და აღნიშნავს, რომ პარლამენტი, სახელმწიფოსთან ერთად უნდა შეჯერდეს გარკვეულ პროცენტზე, რის ზემოთაც ქსელური მაღაზიები მარჟის დაწესებას ვეღარ მოითხოვენ.
მერაბ ვასაძე აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში ქართული წარმოება განადგურდება.
„პირველი დასვით შეკითხვა რატომ აწყობთ მაღაზიების გახსნა? იმიტომ, რომ როდესაც ქსელურს ვხვდებით საუბარს იწყებს ასე: მე მაქვს ამდენი მაღაზია, პლუს წელს გავხსნი 200 მაღაზიას, მექნება ბევრი მაღაზია და შენ უნდა დამიმატო 5% „ქეშბექი“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩემგან მეტ მოგებას ნახავს. ის მეტ მოგებას არ ნახულობს, ოღონდ ჩემს საქონელს ყიდის გაცილებით იაფად.
ძალიან კარგად გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს. მისი მთავარი მოგება არის ჩაატაროს აქცია, უფრო იაფად დაანახოს, ყველას აჩვენოს, რომ დაბალი სეგმენტია, მაგრამ უკვე ქსელური გადადის არა დაბალ ფასში გაყიდვაზე, არამედ ჩვენს ფუნქციას ითავსებს. ბევრი მაღაზია საქონელს ყიდულობს იგივე ქსელურიდან და ყიდის მის მაღაზიაში, გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ჩემი დისტრიბუტორი სთავაზობს. პრობლემა ამაშია და ამას ვამბობთ, რომ „ქეშბექის“ მოხსნა არ არის სწორი, ის რაღაც დონეზე უნდა შეჩერდეს და უნდა ითქვას, რომ ამაზე მეტს ვერ დადებ „ქეშბექს“ და ვერ შესთავაზებ სხვა პირობას როგორც ფასდაკლებას, ამაზეა საუბარი. მგონია სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, რომ რაღაც პროცენტზე შეჯერდეთ, რომ ამის ზემოთ ქსელურმა ვერ მოითხოვოს მარჟა, სხვა შემთხვევაში ქართულ წარმოებას გაგვინადგურებენ“-განაცხადა მერაბ ვასაძემ.
სხვა სიახლეები
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
14.08.2026.16:34
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული სისტემით შუალედური არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2201- ია.
დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის მიიღო განკარგულებები 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის, საკონკურსო პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე, №18 ახმეტის, №24 დმანისის, №25 წალკისა და №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ და ა.შ.
საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო პროცესის თითოეული ეტაპი განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ყურადღება მიაქციონ დადგენილ ვადებს.
ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ სუბიექტებს შევახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში; აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არაუგვიანეს 17 აგვისტოსი (არაუგვიანეს 47-ე დღისა).
იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
ასევე, გვსურს შევახსენოთ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული პროცესის დაკვირვებითა და გაშუქებით, დროულად გაიარონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რათა არჩევნების გაშუქებასა და დაკვირვებაში მონაწილეობა შეუფერხებლად შეძლონ.
აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის 23 სექტემბერია (18:00 სთ), ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს 26 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.