კარგია, რომ შრომის ბაზრის კვლევის შესაბამისად იქნება გამოცხადებული კვოტები - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
აუცილებელია, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც დღეს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.
დავით გურგენიძის თქმით, კარგია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრება სასწავლებლებში შესაბამისი კვოტები.
„კვლევები აუცილებელი იყო, შედეგები სახეზე გვაქვს. მინდა გითხრათ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კარგია, რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
პრემიერ - მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა. კვლევის მიზანია განისაზღვროს უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. პროცესში ჩართული იყო ბიზნესასოციაციაც. გამოიკითხა 12 500 საწარმო; ასევე, ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნილებაზე. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებასა და სტუდენტების ჩარიცხვას შორის მკვეთრი დისბალანსია.
სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
13.10.2026.13:42
პარლამენტის თავმჯდომარე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი სტიმული.
შალვა პაპუაშვილმა ვიეტნამის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში.
ვო თჰი ან სუანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და კულტურის დაცვისკენაა მიმართული.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების პოტენციალი და სექტორული თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ბიზნესის, ინოვაციების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალზე.
ამასთანავე, აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვო თჰი ან სუანმა განაცხადა, რომ ვიეტნამი მზად არის, გახდეს ხიდი საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს მომავალ წელს, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთების ახალ დონეზე გადაყვანას.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.