ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული ფიგურები და კულტურული ნიშნები დღემდე აძლიერებს ჩვენში ეროვნული იდენტობის განცდას და ამავდროულად სიამაყით გვავსებს - პრეზიდენტი
ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული ფიგურები და კულტურული ნიშნები დღემდე აძლიერებს ჩვენში ეროვნული იდენტობის განცდას და ამავდროულად სიამაყით გვავსებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია. საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს!
არსებობის სამი ათწლეული ისტორიის განმავლობაში, ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა – წლების მანძილზე, ეტაპობრივად ეშვებოდა და იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები, 2014 წლიდან კი, ლარის გამორჩეული სიმბოლოც შეიქმნა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით.
ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული ფიგურები და კულტურული ნიშნები დღემდე აძლიერებს ჩვენში ეროვნული იდენტობის განცდას და ამავდროულად სიამაყით გვავსებს!
ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და მათ შორის ეროვნულ ბანკს დიდი მიღწევები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში არსებული ურთულესი გამოწვევების – პანდემიის, გეოპოლიტიკური სირთულეების, ომისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, მის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, ამ წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის, ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ყველას გილოცავთ ქართული ლარის საიუბილეო 30 წელს. გისურვებთ მშვიდობასა და ფინანსურ კეთილდღეობას“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.